ქუჩის მუსიკის დღე

რა არის ქუჩის მუსიკის დღე?

ეს არის დიდებული ფესტივალი მუსიკოსებისათვის, იმათთვის ვინც უკრავს, მღერის, ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას. ეს არის უბრალოდ სასიამოვნო დღე მუსიკის მოყვარულთათვის, რომელთაც შეეძლებათ მაისის ერთი თბილი დღის განმავლობაში თვალი ადევნონ, მოუსმინონ, დატკბნენ მუსიკის ჰანგებით. მოკლე ისტორია ქუჩის მუსიკის დღე – ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას. ეს არის დღე, როდესაც მთელი ლიტვა მუსიკის ჰანგების ქვეშ ერთიანდება. 2007 წელს ის პირველად ვილნიუსში ჩატარდა, მოგვიანდებით 2009-ში ფესტივალი მთელს ლიტვაში გავრცელდა და ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო მასში. საბოლოო ჯამში 5000-ზე მეტმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში. ევროპის ქვეყნებმა არ დააყოვნეს და შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელს მსოფლიოში, იდეაც სწრაფად გავერცელდა და მოძრაობას შეუერთდა ბელარუსია და ლატვია. 2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოშიც. 19 მაისი, თბილისი. მთლიანად რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის ძეგლიდან დაწყებული – პუშკინის სკვერამდე მუსიკის ხმა ჟღერდა. სხვადასხვა სახის მუსიკა, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, მუსიკოსების განსხვავებული ასაკით, მუსიკა ყველა გემოვნებისთვის, განსხვავებული ადამიანები. თბილისს სტუმრობდა ლიტვის დელეგაცია, ფესტივალის დამაარსებელთან, ანდრიუსთან ერთად. ღონისძიების დასასრულს ქართველმა და ლიტველმა მუსიკოსებმა ერთად შეასრულეს ლიტვური ტრადიციული სიმღერა. დღე იმდენად წარმატებული იყო, რომ ორგანიზატორების სურვილი, ამ ყოველწლიური ფესტივალის განხორციელებისა უფრო გაღრმავდა და 2013 წლის 18 მაისს ახალი ქუჩის მუსიკის დღე გვაჩუქეს. უფრო მეტი მუსიკოსით, მეტი ორგანიზებით, ენერგიითა და შემართებით ჩვენ გავაერთიანებთ მთელს საქართველოს მუსიკის ქვეშ. ტრადიციას არც 2014 წელს ვუღალატეთ და ფესტივალზე 600 მდე მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. 2015 წელს გადავწყვიტეთ ქუჩის მუსიკის დღე, ქალაქ ბათუმში ჩაგვეტარებინა მისი მოთხოვნიდან გამომდინარე და იდეაში გვაქვს , რომ ფესტივალმა სრულიად საქართველო მოიცვას . ეს კარგი შანსია უცნობი მომღერლებისთვის გახდნენ ცნობილები და პროფესიონალი მუსიკოსებისთვის კი გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. ეს არის გარემო, სადაც მუსიკოსები ახორციელებენ თავიანთ იდეებს, ავლენენ გრძნობებს. ეს კარგი საშუალებაა ამაღლდეს მუსიკის კულტურა საქართველოში, შემოქმედების სიყვარული, ამცირებს ყოველგვარი რასიზმის გამოვლინებასა თუ დისკრიმინაციას. ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო, თუ გსურს გაატარო სასიამოვნო დღე, გაუზიარო მუსიკით გამოხატული შენი ემოცია ქართველ და არამარტო ქართველ მაყურებელს, შემოგვიერთდი. . .